მე არ ვარ დამნაშავე და ჩემ მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა - გიორგი რურუა

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მმართველი გუნდის მიერ ევროპარლამენტისადმი გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა. ხელისუფლების დასავლელი პარტნიორებისადმი მიმართვაში საუბარია 30 წლის წინანდელ დანაშაულებზე, რომელთა ჩადენასაც ხელისუფლება რურუას აბრალებს. 

დაკავებულის თქმით, წერილში ნახსენები ბრალდებები აბსურდულია და ყველამ კარგად იცის, რომ იგი პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

ბატონო მოსამართლე, მინდა ვისაუბრო იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდება ჩემზე და თქვენზე. მინდა უბრალოდ, მაგალითი მოვიყვანო, მსოფლიოს რომელ პარალამენტში: მადუროს, ვენესუელის, ბელორუსის, რუსეთის, სირიის გარდა, პატიმარზე ამდენს სად ლაპარაკობენ მინისტრები, ქალაქის მერი და პარლამენტარები. არის თუ არა ეს პოლიტიკურად დაინტერესებული საქმე და არის თუ არა ეს, პოლიტიკურად შეკერილი საქმე.

ბატონ კუჭავას, რაღაც აბსურდული სისულეები გაუგზავნია, რაზეც აუცილებლად გავცემ პასუხს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე არ ვარ დამნაშავე. ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ, - განაცხადა რურუამ დღევანდელ სხდომაზე.

პროცესზე მოწმის სტატუსით პოლიციის თანამშრომლებიც გამოკითხეს, რომელთათვის კითხვების დასმის საშუალება ბრალდებულსაც მიეცა. საუბარია სამართალდამცავებზე, რომლებიც 3 იანვარს რურუას საკანში შევიდნენ მისი პირადი ნივთებისა და დნმ-ის ნიმუშის ამოსაღებად. 

ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ევროპარლამენტარებისადმი გაგზავნილი წერილი იმის დასტურია, რომ რურუა მართლაც პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. თუმცა სასამართლოსთვის, რომელიც "მთავარი არხის" დამფუძნებელს კვლავ პატიმრობაში ტოვებს, საქმე, როგორც ჩანს, სხვაგვარადაა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა კი ადასტურებს, რომ წერილი მართლაც რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა, თუმცა, მისი თქმით, ეს გახლდათ არაოფიციალური მიმართვა, არამედ განახლებული ცნობები მიმდინარე მოვლენებზე.

ეს არ იყო ოფიციალური წერილი და არ არის ხელმოწერილი მიმართვა კონკრეტულად ვინმეს მიმართ. ეს არის სიახლეები, რომლებიც გამოწერილი აქვთ არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს, არამედ ამერიკის კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებს, - ამბობს კუჭავა.

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გაგზავნილი წერილის შინაარსი მისთვის ცნობილი არაა, მაგრამ მსგავსი სახის კორესპონდენცია საჭიროა, რათა ქვეყნის პარტნიორებს მიეწოდოთ უტყუარი ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ გიორგი რურუას ადვოკატებმა დღეს წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებული არასდროს ყოფილა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი