
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანა მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის წინადადებას რუსულ ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებით. Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში პიტერ სიჯარტომ თქვა, რომ ევროკავშირის მხრიდან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებით, უნგრეთის უნგრეთის ენერგომომარაგება სრულად განადგურდება.
გარდა ამისა, უნგრეთის სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო კომუნიკაციისა და ურთიერთობების საკითხებში, ზოლტან კოვაჩმა თქვა, რომ უნგრეთი ევროკავშირის წინადადებას ვეტოს დაადებს. BBC-სთან ინტერვიუში მან წინადადებას "მიუღებელი" უწოდა და თქვა, რომ ის გაანადგურებს უბგრეთის ეკონომიკას.
ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე მუშაობს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა დღეს სანქციების დეტალებზე ისაუბრა. სანქციები შეეხება სამხედრო მაღალჩინოსნებს. ამასთან, განიხილება რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის SWIFT-დან გათიშვა. როგორც ლეიენმა აღნიშნა, მე-6 პაკეტი ასევე მოიცავს რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების დასრულებას. მისივე თქმით, მთელი რუსული ნავთობი ეტაპობრივად გაუქმდება. ნედლი ნავთობი ეტაპობრივად შემცირდება 6 თვეში, ხოლო რაფინირებული პროდუქტები 2022 წლის ბოლოს.