
ივანო-ფრანკოვსკის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, რუსული სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო, ქალაქი დატოვონ. მან თქვა, რომ დასავლეთ უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში მცხოვრებლებმა, თავი უნდა აარიდონ საზოგადოებრივ შეკრებებს ამ შაბათ-კვირას, ან დატოვონ ქალაქი, თუ ეს შეუძლიათ.
ცნობისთვის, ყველა ოფიციალური ღონისძიება ივანო-ფრანკოვსკში შაბათსა და კვირას გაუქმდა. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები მოჰყვა უკრაინის ოფიციალური პირების გაფრთხილებებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს შეტევა უკრაინაზე 9 მაისამდე. ამ დღეს მოსკოვი აღნიშნავს საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ნაცისტურ გერმანიაზე მეორე მსოფლიო ომში.