
"დასავლეთში ნაციზმის რეაბილიტირებას ცდილობენ", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, ბალტიისპირეთსა და უკრაინაში "ნაციზმი ყვავის", რასაც ევროპა და ამერიკა ხელს უწყობენ, პარალელურად კი "ცდილობენ", რომ რუსეთი არა უბრალოდ გააიგივონ ჰიტლერის ნაცისტურ რეჟიმთან, არამედ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში მთავარ დამნაშავედ გამოაცხადონ.
ლავროვის თქმით, აუცილებელია, რომ რუსეთში წარსულის გაკვეთილები არავინ დაივიწყოს.
"აუცილებელია გვახსოვდეს წარსულის გაკვეთილები, მით უმეტეს, რომ ახლა დასავლეთში ცდილობენ ამოგლიჯონ ჩვენი ისტორიიდან ეს დიდებული გვერდები, ხაზი გადაუსვან ყველაფერს, რაც გაკეთდა და არა მხოლოდ გაგვაიგივონ ნაცისტებთან, არამედ იმ ომის მთავარ დამნაშავეებად გამოგვაცხადონ. ამასთანავე, აქტიურად ათეთრებენ ნაციზმს, ხელს უწყობენ ნაცისტურ გამოვლინებებს თანამედროვე ევროპაში. ჩვენ ამას ვხედავთ ბალტიისპირეთში, ასევე უკრაინაში, სადაც ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, უბრალოდ ყვავის ნაციზმი და ანტისემიტიზმის ახალი გამოვლინებები ე.წ. კოლექტიური დასავლეთის თანხმობით", - თქვა ლავროვმა.