მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები ისევ დროებითი მოთავსების იზოლატორებში რჩებიან. რამდენიმე დაკავებულის ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ პარტიაში ინფორმაცია ჯერ კიდევ არ აქვთ.
ოპოზიციის წევრებს ბათუმის პოლიციაში უთხრეს, რომ ათამდე დაკავებული, მათ შორის ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე ოზურგეთის იზოლატორშია გადაყვანილი.
"სულ ცამეტი ადამიანი ვიცით სად არის, დანარჩენი ამ დრომდე გაურკვეველია. ვუკავშირდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან. მოვუწოდებთ სასწრაფოდ, ადამიანები, რომლებიც ტყვეობაში ჰყავთ აყვანილი, გაათავისუფლონ და მოეშვან ამ ძალადობას. ამით ვერ დაგვაშინებენ. ყველა ფორმით, რაც მიიყვანს იქამდე, რომ ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და გადაიყვანოს სამკურნალოდ, ყველა ფორმას მივმართავთ. აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება გადაყვანილი. ჩვენ სახლში ჯდომას არ ვაპირებთ სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება", - თქვა ენმ-ის წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.
შეგახსენებთ, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 25 ადამიანი დააკავა, საიდანაც ორი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებთან პოლიციელები მივიდნენ და კარვების დაშლა დაიწყეს.
ასევე იხილეთ: