
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ლიეტუვას გადაწყვეტილებას, გამოაცხადოს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ "პროვოკაციული და ექსტრემისტული" უწოდა.
"ქვეყნებში, რომლებიც იღებენ ასეთ დოკუმენტებს, დეკლარაციასა და განცხადებებს, დგამენ ასეთ ექსტრემისტულ ნაბიჯებს - სხვანაირად არ შეიძლება ამას ეწოდოს. ყველა ეს ქვეყანა ნატოს წევრია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვინახავს ნატოს უკანონო და აგრესიული ქმედებები, რამაც სიცოცხლის დიდი დანაკარგი გამოიწვია.
ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც პროვოკაციის, ექსტრემიზმისა და პოლიტიკური ფარისევლობის ელემენტი", - თქვა ზახაროვამ.
ლიეტუვას პარლამენტმა 10 მაისს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. დეპუტატებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. პარლამენტმა ასევე მოითხოვა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რომელიც გამოიძიებს რუსეთის სავარაუდო ომის დანაშაულებს უკრაინაში.