გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს საკრებულოში უკვე მეორედ იბარებენ. ოპოზიციას სურს, მერმა უპასუხოს კითხვებს იმ კორუფციულ სქემებზე, რომლითაც ბიუჯეტიდან თანხები ქრებოდა.
ხინჩეგაშვილი დღევანდელ სხდომაზეც არ მისულა, მიუხედავად ამისა, ის აქტიურად ესწრება სხვადასხვა ღონისძიებებს. "მთავარმა არხმა" ის ერთ-ერთი ღონისძიების დროს ჩაწერა, თუმცა ხინჩეგაშვილმა თქვა, რომ კომენტარს არ აკეთებს, რათა "გამოძიებას ხელი არ შეუშალოს".
"გამომძიებელს ხომ არ ვგავარ ახლა მე, მე ვარ ქალაქის მერი, გამოძიება მიდის, დაველოდოთ და გავიგებთ ყველაფერს. ჩემი აზრის დაფიქსირება არ შეიძლება, იმიტომ, რომ გამოძიებას არ შევუშალო ხელი", - ამბობს ხინჩეგაშვილი.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბიუჯეტიდან მოპარული თანხების საქმის შემდეგ, გორის მერიაში საკადრო წმენდა იწყება - არსებული ინფორმაციით, 10-ზე მეტ მაღალჩინოსანს სამსახურიდან დაითხოვენ.
სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვეს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, თამარ შოშიაშვილს, რომელიც "მთავარი არხის" ზარებს არ პასუხობს. აუდიტმა შეამოწმა კულტურისა და ტურიზმის სააგენტოც, თუმცა ამ სამსახურმა იქ მძიმე დარღვევები ვერ აღმოაჩინა.
ამავე თემაზე: