
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიას მოუწოდებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უხელმძღვანელოს.
Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში კულებამ თქვა, რომ ბერლინში მისი ვიზიტისას მას გერმანიის წარმომადგენლებთან "ძალიან რაციონალური დისკუსია ჰქონდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით".
"მე მათ ვუთხარი, რომ ეს მაინც მოხდება. გარდაუვალია, რომ უკრაინა ადრე თუ გვიან მიიღებს გაწევრიანების სტატუსს. გერმანიის ელიტას აქვს არჩევანი, რომ უხელმძღვანელოს ამ პროცესს და ჩაწერონ მათი სახელები ევროპის ისტორიაში ან მოხდეს ეს მათი ლიდერობის გარეშე",-თქვა კულებამ.
ვიდეომიმართვაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსული ნავთობის ემბარგოზე, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ. კულებას თქმით, გერმანიაში ვიზიტისა სრუსული გაზის ემბარგოს საკითხზეც ისაუბრეს.
გერმანიის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ კულება დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა.
მისი თქმით: "მინისტრები მიესალმებიან იმ აზრს, რომ აუცილებელია რუსული აქტივების გაყინვა და მათი გადაცემა უკრაინაში ჩვენი ქვეყნის აღდგენის მიზნით. აქ საუბარია ასობით მილიარდ ევროზე. ასევე, G7-მა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ უკრაინის აღდგენაში, მისი ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაში. თქვენ იცით, რომ უკრაინის პრეზიდენტს აქვს იდეა, რომ ქვეყნებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომით დაზარალებულ გარკვეულ რეგიონებსა თუ ქალაქებზე და ჩვენი პარტნიორები ამ იდეას მიესალმებიან".