
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სატელეფონო საუბარისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ საფრანგეთის შეიარაღების მიწოდება უახლოეს დღეებში გაიზრდება.
მისი ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაინის განაცხადი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ ივნისში ევროკავშირის სამიტზე განიხილება.
"დავასრულე გრძელი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ემანუელ მაკრონთან. ვისაუბრეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, აზოვსტალიდან სამხედროების გადარჩენის ოპერაციაზე და მოლაპარაკების პროცესის პერსპექტივაზე. წამოიჭრა უკრაინისთვის საწვავის მიწოდების საკითხი.
ასევე განვიხილეთ საფრანგეთის სამხედრო მხარდაჭერა, სანქციების მე-6 პაკეტის მომზადება, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესაძლო გზები. გაიმართა არსებითი განხილვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ჩვენი განაცხადის შესახებ",- წერს ზელენსკი.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტებმა, ასევე, განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც საფრანგეთს შეუძლია გაუწიოს უკრაინას მომავალი საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.