ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს კულტურის მინისტრ, თეა წულუკიანის ბრალდებებით, რომელიც მიიჩნევს, რომ მას ენმ-თან ერთად მუშაობს, რათა მთავრობა „გადააყირაონ".
„გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. 2012 წელს მე ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა თეა წულუკიანთან. მე მაშინ საქართველოში, მის ოფისში ვიყავი და ბევრი ვისაუბრეთ. ორივეს ძალიან გვიხაროდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის გადარჩევა მოხდა. კანონის უზენაესობაზე, ციხეებში პატიმრების საკითხებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე ჩვენ აბსოლუტურად ერთ მხარეს ვიყავით. მე ვიცი, რომ ის ძალიან განათლებული ადამიანია. წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ევროპული სასამართლოსთვის. ის დემოკრატიის მხარდამჭერი იყო, მაგრამ ახლა რაღაც მოხდა. არანაირი იდეა არ მაქვს, რატომ გახდა ის ასეთი რადიკალური და რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციებს. მე „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ. მიკვირს რატომ ამირჩია მე. რადგან აქ, ევროპის პარლამენტში 5 მსხვილი პარტია ვართ, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ერთნაირად ფიქრობს“, - თქვა ვიოლა ფონ კრამონმა "TV PIRVELI-თან" ინტერვიუში.
ევროპარლამენტარი ღიად ამბობს, რომ წულუკიანი იყენებს იმავე მეთოდებს, რასაც პუტინი:
„მისი ბრალდებები ჩემზე აბსოლუტურად უსაფუძვლოა და იმედგამაცრუებელია. წულუკიანი იყენებს იმავე მეთოდებს, რასაც პუტინი! როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც — ჩვენ ვაკრიტიკებთ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ, ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორი მიმართულებით ვითარდება“, - ამბობს ევროპარლამენტარი.
იხილეთ წულუკიანის განცხადება ევროპარლამენტარზე: