მასწავლეს ქართული სიბრძნე: მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო" - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" ყველა ბრალდებას ღია წერილით პასუხობს.
ის "ოცნებას" განუმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღეს აკრიტიკებენ ის დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც ევროკავშირში დღის წესრიგს ქმნიან და რომლებმაც მათთან ურთიერთობაში საქართველოს მომავალი უნდა გადაწყვიტონ.
ვიოლა ფონ კრამონი წერს:
ვცდილობ არ ავყვე ქართველი პოლიტიკოსების უგემოვნო და უსაფუძვლო თავდასხმებს, მაგრამ ახლა სხვა არჩევანი არ დამრჩა. მე გავიცანი ქალბატონი წულუკიანი, როდესაც ის ახალგაზრდა, დამწყები პოლიტიკოსი და იურისტი იყო. სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორი რადიკალიზაცია შეძლო წლების განმავლობაში და ახლა ავრცელებს სიცრუეს და დეზინფორმაციას.
ქალბატონმა წულუკიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ მე ვიყავი და ვარ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და ვიბრძოდი ქართველი ხალხის უფლებისთვის - აირჩიონ თავიანთი მთავრობა დემოკრატიულად. ჩემი დადანაშაულება ნაციონალურ მოძრაობასთან შეთანხმებაში არის მიზანმიმართული სიცრუე, რომელსაც არც ერთი გონივრულად მოაზროვნე ადამიანი არ დაიჯერებს.
ქართული ოცნების დეზინფორმაცია აღწევს კრემლის დონეს. ქართული ოცნება არ არის საქართველო, ქართული ოცნების კრიტიკა იგივე არ არის, რაც საქართველოს კრიტიკა. ამიტომაც ვუწოდებ ჩემს თავს საქართველოს მეგობარს და არა „ქართული ოცნების მეგობარს“. შეწყვიტეთ დამალვა ქვეყნის კარგი სახელის მიღმა. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს წარუმატებლობაზე.
ეს არ არის „პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი“, რომელიც აკრიტიკებს დემოკრატიულ უკანდახევას, არამედ ესენი არიან ძირითადი პოლიტიკოსები, რომლებიც განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. შეამოწმეთ უახლესი განცხადებების ხელმოწერები, ან დაელოდეთ ევროკავშირის პარლამენტის შემდეგ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.
ეს არიან იგივე პოლიტიკოსები, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ საქართველოს ინტერესებს, რომლებიც იბრძოდნენ ვიზალიბერალიზაციისთვის, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამასობაში ქართულმა ოცნებამ მოახერხა დემოკრატიის გაუარესება და მედიის თავისუფლების კუთხით საქართველო გადავიდა 60-დან 89-ე ადგილზე 1 წელიწადში.
მე არ "ვერევი" საქართველოს საქმეებში. გახსენებთ თქვენს მიერ აღებულ და არ შესრულებულ ვალდებულებებს (19 აპრილი). თუ გინდათ, რომ სერიოზულად აღგიქვან, შეწყვიტეთ დაპირებების დარღვევა, შეწყვიტეთ ზიანის მიყენება საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის. შეასწორეთ სასამართლო სისტემა, შეწყვიტეთ მიკროფონების ქურდობა, შეწყვიტეთ სიძულვილი და პოლარიზაცია.
მე ვარ საქართველოს (არა მისი მთავრობების) მეგობარი მრავალი წელია. მაშინ მასწავლეს ქართული სიბრძნე: "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო". დროა ქართულმა ოცნებამ ისწავლოს როგორ გაუმკლავდეს კრიტიკას და მიიღოს სიმართლე" , წერს ფონ კრამონი.
იხილეთ წულუკიანის განცხადება ევროპარლამენტარზე: