დავიცავთ თითოეულ მოსამართლეს - კობახიძე აშშ-ის საელჩოსგან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით, პასუხს ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "რადიკალურმა ოპოზიციამ" აშშ-ის საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი. ეს განცხადება მან ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით გააკეთა.

კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება "გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეული მოსამართლეს, რომელიც ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს"

მან მწუხარება გამოთქვა, რომ თამაზ ურთმელიძე და "რუსთავი 2-ის" საქმის სხვა მოსამართლეები წარსულში არ დაიცვეს, რაც ხელისუფლებამ მეორედ არ უნდა დაუშვას.

"იმაზე არაფერს ვამბობ, რომ შესაბამისი ქმედება სსკ-ს 364-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება რბილად რომ ვთქვათ უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია.

ერთი წამით წარმოიდგინეთ მსგავსი რამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომ გაეკეთებინა, რომელიმე მოსამართლე რომ დაებარებინა და თუნდაც მისთვის საკამათო გადაწყვეტილების გამო, სამართლებრივის საფუძვლის გარეშე, რომელიმე სემინარიდან ან კონფერენციიდან მოეხსნა, წარმომიდგენია რამხელა აჟიოტაჟს შექმნიდნენ ზუსტად იგივე ფაქტის გამო ზუსტად იგივე სუბიექტები", - თქვა კობახიძემ. 

კობახიძემ სხდომაზე გაიხსენა გამოთქმა "ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს" და თქვა, რომ "რადიკალურ ოპოზიცია" და მისი შიდა და გარე სპიკერები ასე იქცევა, რადგან ჰგონიათ, რომ აშშ-ის საელჩოც ისე მოიქცევა, როგორც ისინი მოიქცეოდნენ. 

"ბუნებრივია აშშ-ის საელჩო ენმ-ს მეთოდებით მოქმედებას, მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებდა, მე ამის ღრმად მწამს. ან ის რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკაში წასვლა-არ წასვლის გამო რომელიმე მოსამართლე ვინმემ გავლენის ქვეშ შეიძლება მოაქციოს. ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ ეს პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ. [...]

ამერიკის საელჩოს მინდა მივმართო თხოვნით, მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის აშშ-ის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, დისკრიმინაცია არ განუხორციელებია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ ჩარეულა და არაფორმალური მმართველობა არ უცდია, თუმცა სპეკულაციები გრძელდება და ამ სპეკულაციებს მარტივად დაასრულებდა ამერიკის საელჩოს ერთი მცირე განცხადება", - თქვა მან.

კობახიძის განცხადებით, თუ საელჩო განცხადებას არ გაავრცელებს, ეს მათთვის გასაგები იქნება და საზოგადოებას შეეძლება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ, ოპოზიციის სპეკულაცია იყო.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოიღო პროგრამიდან, რომლითაც ის შტატებში უნდა გამგზავრებულიყო. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი