
რესპუბლიკური პარტიის ერთ ერთ ლიდერს, ხათუნა სამნიძეს დღეს დაკითხავენ. სამნიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება. სასამართლოში 15:30 საათზეა დაბარებული.
სამნიძემ სასამართლო წესით დაკითხვა მას შემდგ მოითხოვა, რაც სუს-ში მისვლაზე უარი განაცხადა. უსაფრთხოების სამსახურმა კი დაკითხვაზე ის "ფეისბუქ" კომენტარისთვის დაიბარა, რომელიც ჟურნალისტ ნინო ჭელიძის ასევე "ფეისბუქ" სტატუსზე გააკეთა.
საქმე ეხება "შაბათის მთავარში" გასულ რეპორტაჟს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ხელოვნურად ზრდასთან დაკავშირებით. ნინო ჭელიძემ ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, დახურულ პირად გვერდზე დაწერა და კითხვა დასვა - სჯერა თუ არა ვინმეს, რომ სახელმწიფო კოვიდ 19 -ის დიაგნოზის გაყალბებაში ფულს იხდის?
ამის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურმა ჭელიძე უწყებაში დაიბარა და მისგან დაინტერესდა, ფლობდა თუ არა რაიმე სახის ინფორმაციას და იცოდა თუ არა რომელმა ოჯახმა აიღო თანხა გაყალბებულ დიაგნოზში. ჭელიძე ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ იმყოფებოდა.