"დაუკვეთა კობახიძემ და შეასრულა ჩინჩალაძემ... ბავშვურ, არასერიოზულ მოქმედებას ჰგავს" | მამუკა ახვლედიანი აშშ-ში მოსამართლეების არგაშვებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მიერ აშშ-ში ტრენინგზე მოსამართლეების არგაშვებას ყოფილი მოსამართლეები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მსგავსი პრეცედენტი სასამართლო სისტემაში არ ახსოვთ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის თქმით, ამ ყველაფერს აშშ-ის მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება, რადგან პარტნიორი ქვეყანა ქართველი მოსამართლეების კვალიფიკაციის ასამაღლებლად წლების განმავლობაში დიდი რაოდენობით თანხას და რესურსს ხარჯავს.

ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ მოსამართლეებს აშშ-ში გამგზავრებაზე უარი საკუთარი ნებით არ უთქვამთ და მათ ამის გაკეთება "ქართულმა ოცნებამ" აიძულა.

"ძალიან ცუდი მაგალითია და ცუდი მოქმედებაა სასამართლოს მხრიდან. პირდაპირ ჩანს, რომ რამდენიმე დღის წინ დაუკვეთა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, დაუკვეთა კობახიძემ და შეასრულა ჩინჩალაძემ. ძალიან ცუდ სიტუაციაში ჰყავთ ეს ადამიანები. მჯერა, რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ არის და მათ აიძულეს, ეს გადაწყვეტილება მიეღოთ. ბავშვურ, არასერიოზულ მოქმედებას ჰგავს, ეს არ არის სახელმწიფოს, მოსამართლის მოქმედება. ჯერ არ გარკვეულა, ოფიციალური პასუხიც არ არსებობს საელჩოს მხრიდან და ამ დროს მოსამართლეების ასეთი დამოკიდებულება, სწორედ ეს ნიშნავს, რომ რაც ეკრანზე ჩანს, იმის იქით ხდება ეს ყველაფერი კულისებში. ეს არის სწორედ არაფორმალური მმართველობა და სწორედ ეს გავლენები, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ მოქმედებაში ვხედავთ, როგორც გამოიხატება", - თქვა "მართლმსაჯულების განვითარების ცენტრის" თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა. 

სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევას დაუშვებელს უწოდებს კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე, ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრი ზაზა თავაძე. 

"​გარანტირებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, რომ მოსამართლეები არიან დამოუკიდებელი. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე მოუწოდებს მოსამართლეებს რაღაც სოლიდარობაზე, უბრალოდ არასერიოზულია. ეს ძალიან ცუდი იქნება როგორც სასამართლო ხელისუფლებისთვის, ასევე ქართული დემოკრატიისთვის", - თქვა ზაზა თავაძემ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ტრენინგზე არც სხვა მოსამართლეები გაეშვა.

ხათუნა ხარჩილავა, მაია ქოქიაშვილი, ნინო ნაჭყებია, გიზო უბილავა და რომეო ტყეშელაშვილი 2-თვიან ტრენინგზე შტატებში დღეს უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა გაირკვა, რომ ქართული მხარე საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი