
"მე არასდროს გამომიცდია მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში" - უკრაინაში მებრძოლი ბრიტანელი დეპუტატის შვილი, ბენ გრანტი გამოცემა The Guardian-თან ყვება, როგორ გადაარჩინა, ასევე, ბრიტანელი დაჭრილი მებრძოლი მოხალისე უკრაინაში, რუსი სამხედროების მხრიდან სროლის დროს.
ვიდეოკადრები Telegraph-ზე გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ 30 წლის ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთის ვეტერანი და ყოფილი სამეფო საზღვაო ქვეითია ყვირის: "ჩვენ ახლა უნდა გავიდეთ, თორემ მოვკვდებით".
ჩაფხუტზე დამაგრებული კამერით გადაღებულ ვიდეოკადრში ჩანს, რომ ისინი ცდილობენ არტურის ფეხის დამუშავებას ტურიკეტითა და ტანსაცმლით. ასევე ისმის, როგორ ეუბნებიან მას: "უნდა სცადო სიარული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოვკვდებით, მეგობარო".
ბრიტანელი დეპუტატის შვილმა და სხვა ჯარისკაცებმა შეძლეს და დაჭრილი დინ არტური ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს. გრანტის თქმით, ის შეშინებული იყო, თუმცა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი გუნდის საფრთხისგან დახსნა იყო.
"ყველაზე საშინელი ის იყო, რომ სხვისი ტარება და თან გადაადგილება მიჭირდა, რადგან არ შემეძლო ამეღო იარაღი, როცა შვეულმფრენები თავს გვესხმოდნენ და ტანკები ტყეში ისროდნენ. ეს არარელური იყო - მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში არ განმიცდია", - თქვა მან.
არტური ახლა კიევის კლინიკაში იმყოფება, სადაც ექიმებმა მისი ფეხის შენარჩუნება შეძლეს. 42 წლის არტურმა, თქვა, რომ მას "ძლიერი ტკივილი" ჰქონდა, მისივე თქმით, მას გაუმართლა, რომ იქიდან ცოცხალი გამოვიდა.
"ამ ტიპის ამხანაგობა მხოლოდ ასეთ სიტუაციებში ყალიბდება. ადგილები რომ გაგვეცვალა და ჩემს ადგილას ის ბიჭები ყოფილიყვნენ, მე მათ გამოვიყვანდი", - თქვა მან.
ცნობისთვის, ბრიტანელი დეპუტატის შვილი, ბენ გრანტი უკრაინაში მოხალისედ მარტში, მას შემდეგ წავიდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში სახლის დაბომბვის კადრები ნახა, რომელშიც ბავშვის ყვირილის ხმა ისმოდა. მისივე თქმით, ის უკრაინაში ისე წავიდა, რომ ამის შესახებ ბრიტანელი დეპუტატის, ჰელენ გრანტისთვის არაფერი უთქვამს.