
დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირში კვლავ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსული ნავთობის იმპორტზე სანქციების შესახებ. ელჩებმა შეხვედრა ორშაბათს დილით ბრიუსელში მას შემდეგ გამართეს, რაც ღამით მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა.
ბოლო კვირების განმავლობაში სხვადასხვა ვარიანტები იყო განხილვაში, მათ შორის, უახლესი კომპრომისული გეგმის მიხედვით, პირველ რიგში ზღვით მიღებული რუსული ნავთობის დასანქცირება. ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ შეთანხმებას მიაღწევდნენ ორშაბათს ნაშუადღევს, როდესაც ევროკავშირის ლიდერები რიგგარეშე სამიტზე შეიკრიბებიან. სამიტში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტიც მიიღებს.
BBC წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლიდერები მიაღწევენ პროგრესს წინადადებების ძალიან დეტალურ, ტექნიკურ ასპექტებში.
მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკეთი და ჩეხეთი, ითხოვენ ეტაპობრივი შემცირებისთვის პერიოდის გახანგრძლივებას, რუსული მილსადენის ნავთობზე დამოკიდებულების გამო, უნგრეთი ფართოდ განიხილება, როგორც მთავარი დაბრკოლება შეთანხმების მიღწევაში.