
19 წლის სტუდენტ მაქსი ლუცკიზე, რომელმაც სწავლა შეაჩერა და უკრაინაში, ომში წავიდა- ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.
ჟურნალისტი ყვება, რომ ლუცკი ახლა უფრო ხანდაზმულად და სერიოზულად გამოიყურება, ხუმრობს ნაკლებს, ვიდრე მანამ, სანამ უკრაინაში რუსეთი შეიჭრებოდა.
"გასულ კვირას მან რთული გზა გაიარა დონბასის ფრონტის ხაზიდან, გამოიყენა შემოვლითი გზა ღამით, რომ თავი აერიდებინა საარტილერიო ცეცხლისგან, აეღო მარაგი თავისი ქვედანაყოფისთვის და ჩემთვის ეთქვა როგორია რუსებთან ბრძოლა", - წერს სტატიის ავტორი.
სამი კვირის განმავლობაში მაქსიმი და მისი მეგობრები იბრძოდნენ, რომ თავიანთი პოზიციები ეკონტროლებინათ. ეს იყო დანგრეულ ყოფილ ქარხანაში, ქალაქ რუბეჟნოეში. ქალაქი, რომელიც ახლა რუსებს აქვთ ოკუპირებული.
"ეს ჯოჯოხეთი იყო. არ იყო კარგი პოზიციები დასაცავად. ჩვენ სანგრებში ვიყავით, ზოგჯერ საბჭოთადროინდელ თავშესაფარსა და სახანძრო სადგურებში", - ყვება მაქსიმი.
ჯარისკაცის თქმით, მისი ქვედანაყოფი დღეში 25-ჯერ ხდებოდა სატანკო ცეცხლის სამიზნე: "ჩემი ერთ-ერთი მეგობარი იქ მოკლეს, დაახლოებით 10-15 კაცი სერიოზულად დაშავდა".
მაქსიმს სჯერა, რომ ის არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომში, არამედ მთელი მსოფლიოს თავისუფლებისთვის იბრძვის. მისივე თქმით, ეს მისი ცხოვრების მისიაა.
"ჩვენ ვიბრძვით მთელი მსოფლიოს, მთელი ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებისთვის და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს არის უკრაინა-რუსეთის ომი, ეს ასე არ არის. ეს არის სინათლისა და სიბნელის ომი რუსეთსა და მთელ მსოფლიოს შორის",- თქვა მან.