
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მას, რუსეთს, უკრაინასა და გაეროს შორის მოლაპარაკებების მასპინძლობა შესთავაზა. სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის თანახმად, ერდოღანმა ხაზი გაუსვა "ისეთი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ომის ნეგატიურ შედეგებს".
"პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოხატა მზაობა, შეხვდეს რუსეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებს სტამბულში და მონაწილეობა მიიღოს შესაძლო დაკვირვების მექანიზმში, თუ ორივე მხარე შეთანხმდება პრინციპებზე", - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.
თურქეთ-რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია კრემლს.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, როგორც პირისპირ, ისე დისტანციურად, თუმცა ამჟამად პროცესი შეჩერებულია.
მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის, 29 მარტს სტამბოლში შედგა. ამ დრომდე, ეს მოლაპარაკებების ბოლო, რაუნდია, როცა მხარეები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.