EU-ს სამიტი რუსეთის სანქციების მე-6 პაკეტზე - რა განცხადებები კეთდება დაწყებამდე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთისთვის დასაწესებელი სანქციების მეექვსე პაკეტზე მსჯელობენ. წინადადება რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოს მოიცავს, რაზეც ქვეყნებს შორის უთანხმოებაა.

სამიტის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები გააკეთეს EU-ს უმაღლესმა წარმომადგენლებმა, თუმცა მათი განცხადებები განსხვავებული შინაარსისაა.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

"[სანქციებზე შეთანხმება] არასდროს ყოფილა ადვილი, ახლაც, მე-6 პაკეტზეც იგივეა. ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება სამართლიანი იყოს ყველასთვის, ამისთვის ჩვენ გამოსავალი ჯერ ვერ ვიპოვეთ. არ ველოდები, რომ ეს მოგვარდება 48 საათში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ იქნება გამოსავალი", - უთხრა ლეიენმა ჟურნალისტებს.

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელი "სრულიად დარწმუნებულია", რომ სანქციების მეექვსე პაკეტზე ბლოკი შეთანხმებას მიაღწევს. მისივე ვარაუდით, ეს შეიძლება მოხდეს ბრიუსელის სამიტზე, რომელიც გაიმართება დღეს და ხვალ.

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი თქვა, რომ რუსეთის ნავთობის ემბარგოს შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დრო ახლა არის.

რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება უნგრეთი. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს ევროპული კომისიის წევრები გააკრიტიკა და "უპასუხისმგებლო" საქციელი უწოდა იმ გზებს, რომლითაც ევროკავშირი რუსული ნავთობის აკრძალვას განიხილავს.

მისი თქმით, ევროკომისიამ, რომელიც კანონებზე მუშაობს, ვერ შეძლო ემბარგოსთან დაკავშირებით სათანადო მოლაპარაკებები ეწარმოებინა წევრ ქვეყნებთან.

როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა, ნავთობის აკრძალვა "არსაიდან მოვიდა" - უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გარეშე. "ენერგეტიკა ძალიან სერიოზული საკითხია. ჩვენ ჯერ გვჭირდება პრობლემის მოგვარების გზები და შემდეგ სანქციები",-თქვა მან.

პოზიტიური იყო ორბანის პასუხი ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ კომპრომისზე, რომელიც მილსადენის ნავთობს ყოველგვარი აკრძალვებისგან ათავისუფლებს, მისი თქმით, წინადადება "ცუდი არ არის".

"ეს კარგი მიდგომაა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება გარანტია, რომ მილსადენთან ავარიის შემთხვევაში... ჩვენ უნდა გვქონდეს უფლება, მივიღოთ რუსული ნავთობი სხვა წყაროებიდან", - თქვა უნგრეთის პრემიერმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი