ამერიკა უკრაინას მოწინავე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას გადასცემს

გამოქვეყნდა:

ამერიკა უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინას ისეთ საბრძოლო მასალას მიაწვდიან, რომლითაც ქვეყანა შეძლებს უფრო ზუსტად დაარტას მთავარ სამიზნეებს ბრძოლის ველზე.

The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში ბაიდენი წერს, რომ ამერიკის მიზანი ცალსახაა - "გვინდა ვიხილოთ დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა შემდგომი აგრესიისგან შეკავებისა და დაცვის საშუალებებით".

"ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ, რათა უკრაინას გავუგზავნოთ მნიშვნელოვანი რაოდენობის იარაღი და საბრძოლო მასალა, რათა მან შეძლოს ბრძოლა ბრძოლის ველზე და იყოს ყველაზე ძლიერ პოზიციაზე მოლაპარაკებების მაგიდასთან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ უკრაინელებს მივაწოდოთ უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემები და საბრძოლო მასალები, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო მაღალი სიზუსტით დაარტან საკვანძო სამიზნეებს", - წერს ბაიდენი.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მოწოდებულ იარაღში შედის M142 მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS). უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსმა ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ის "გადამწყვეტი" იყო რუსული სარაკეო თავდასხმების წინააღმდეგ.

ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ უკრაინამ გარანტია მისცა მათ, რომ რაკეტები არ გამოიყენებოდა რუსეთის შიგნით დარტყმებისთვის.

"ამ სისტემებს უკრაინელები გამოიყენებენ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული წინსვლის მოსაგერიებლად, მაგრამ ისინი არ გამოიყენებენ მას რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეების წინააღმდეგ", - განუცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.

წერილში ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები მოიხმო, რომ საბოლოო ჯამში ეს ომი "მხოლოდ დიპლომატიური გზით დასრულდება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი