დასაბუთებული განაჩენი, რომელშიც დასაბუთება არ იძებნება. 142 გვერდიან დოკუმენტში არ არის არც არგუმენტი რომელიც ადასტურებს მთავარი არხის დამფუძნებლის ბრალეულობას და მისი ძირითადი ნაწილი სასამართლო სხდომების გაშიფვრას ეთმობა.
განაჩენის შინაარსი მოულოდნელი არ ყოფილა ნიკა გვარამიას ადვოკატებისთვის, რადგან საქმის 2 წლიანი მსვლელობის განმავლობაში უფლებადამცველები მუდმივად აპელირებდნენ რომ საქმე არაფერი ჰქონდა საერთო სისხლის სამართალთან და მისი განხილვა თეორიულად სამოქალაქო დავის ჭრილში შეიძლებოდა.
"ე.წ ავტომობილის ეპიზოდში, მოსამართლე ამბობს, რომ ნიკა გვარამიას თავისუფლად შეეძლო, რომ ეს ავტომობილი საკუთრებაშიც კი მიეღო, მაგრამ თურმე, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას ამისი ლეგალურად გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა, მან განიზრახა, რომ დანაშაული ჩაედინა და შემდეგ ციხეში წასულიყო, სასაცილო არგუმენტია.
კიდევ ერთი სასაცილო არგუმენტი ეს არის სასჯელის დასაბუთების ნაწილში, როცა სასამართლო მსჯელობს ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდების ნაწილში, მოსამართლე ამბობს, რომ თუ არ იქნება ნიკა გვარამია დაპატიმრებული და გამოყენებული იქნება მაგალითად, შინაპატიმრობა, რომელიც ასევე გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის ამ კონკრეტული ქმედებისთვის, ეს ვერ უზრუნველყოფს მომავალში დანაშაულის პრევენციას, ანუ კიდევ შეიძლება ნიკა გვარამიამ რუსთავი ორში ზიანი ჩაიდინოს, ეს აბსურდია.
დასასაბუთებლად უთითებს სასამართლო პრეცედენტებზე, ოღონდ უთითებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამოქალაქო საქმეებზე, როცა ერთ პარტნიორს შეუძლია სარჩელი აღძრას და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და არა სისხლის სამართლის საქმეებზე და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან საქმეში წარდგენილი სასამართლო მეგობრის მოსაზრებების თანახმად, ზუსტად ეს იყო აღნიშნული, რომ რეალურად ეს არის კორპორაციულ-სამართლებრივი საკითხი და მაქსიმუმ რა შედეგიც დამდგარიყო, ეს იყო სამოქალაქო დავა სასამართლოში და არა პირის სისხლის სამართლებრივ პასუხებში მიცემა", - ამბობს ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი.
დასაბუთებულ განაჩენში ასევე საუბარი იყო ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს მეგობრის სტატუსით წარმოდგენილ დასკვნებზე, მათ შორის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დოკუმენტზე. მოსამართლე ჩხიკვაძემ, მათ დასკვნას მიკერძოებული უწოდა.
ჩხიკვაძის ბრალდებებს დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" უპასუხეს, ივანე ჩიტაშვილის თქმით, განაჩენში მითითებული არ არის რაში გამოიხატება ეს მიკერძოებულობა. როგორც მან აღნიშნა, ასევე უცნობია, რაზე დაყრდნობით ამბობდა, ლაშა ჩხიკვაძე, რომ სასამართლოს მეგობრები საქმის დეტალებს არ იცნობდნენ.
იხილეთ ასევე: