
წალენჯიხაში, "ქართული ოცნების" ორ ჯგუფს შორის მომხარ დაპირისპირებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - დაჭრილია კიდევ ერთი პირი, ირაკლი მაჭავარიანი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
კლინიკის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მეორე დღეა პაციენტი მათთან მკურნალობს, თუმცა მისი კატეგორიული მოთხოვნის გამო, დეტალებთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ.
მაჭავარიანს ჭრილობა დანით ბარძაყის ზედა ნაწილში აქვს მიყენებული, ასევე აქვს სისხლნაჟღენთი დაზიანებები.
შემთხვევა წალენჯიხის ცენტრში გუშინ, 1-ელ ივნისს მოხდა. დავა ორ ჯგუფს შორის მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო, რომელიც ცენტრში მდებარეობს და ნახევარ მილიონზე მეტ ლარად გაიყიდა. მხარეებმა ერთმანეთი სწორედ ამ მიწის ნაკვეთზე, მდინარე ჭანის პირას დაიბარეს, სადაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.
"ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ბელქანია და წალენჯიხაში პარტიის ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე, გოგა გულორდავა ერთ მხარეს წარმოადგენდნენ, მეორე მხარეს კი მერაბ კვარაცხელია, მისი ოჯახი და მეგობრები. კვარაცხელია "ოცნების" აქტიური მხარდამჭერია. დაპირისპირების შემდეგ ისიც დაიჭრა.
მიწის დივა კვარაცხელიებს სურდათ, თუმცა ის გოგა გულორდავამ იყიდა და ადგილზე ბეტონის ქარხნის მშენებლობას გეგმავს.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო. "მთავარი არხისთვის" ცნობილია, რომ ორივე მხარე ფაქტს მალავს და გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაზიანებების მიზეზად საყოფაცხოვრებო ფაქტებს ასახელებს.
ავტორი: ემა გოგოხია.