"ჩვენ გვჭირდება თანამედროვე იარაღი" - სტეფანჩუკი ბერლინში, გერმანიის კანცლერს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა და უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა.

სტეფანჩუკმა შოლცს მოუწოდა, უკრაინას რუსული აგრესიის შესაჩერებლად, მიაწოდოს თანამედროვე გერმანული იარაღი.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება უპირველეს ყოვლისა თანამედროვე იარაღი. ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ ძველი იარაღით ძველი მარაგებიდან, მაგრამ ახალი იარაღი უფრო ეფექტურია. ამიტომ, ჩვენ ველით როგორც (ჯავშანმატარებლებს) ასევე (ტანკებს) Marder-ს და (ტანკებს) Leopard-ს", - თქვა სტეფანჩუკმა.

ის მიესალმა გერმანიის კანცლერის განცხადებებს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს.

"უკრაინაში ყოველდღიურად 100 ადამიანი იღუპება და 500 ზიანდება. ამიტომ კარგი იქნება, გადაწყვეტილების მიღებასა და იარაღის რეალურ მიწოდებას შორის დრო მაქსიმალურად შემცირდეს", - განაცხადა სტეფანჩუკმა.

ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, უმაღლესი რადას სპიკერი ასევე შეხვდება გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

ოთხშაბათს კანცლერმა ოლაფ შოლციმ პირობა დადო, რომ უკრაინას მიაწვდის თანამედროვე IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემასა და თანამედროვე რადარებს, რომელიც მტრის ჰაუბიცების, ნაღმტყორცნების და რეაქტიულ არტილერიის აღმოჩენაში დაეხმარება უკრაინას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინისთვის IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას თვეები დასჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი