
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის თქმით, სიცრუეა ინფორმაცია თითქოს, რუსებმა სევეროდონეცკი აიღეს.
გაიდაის თქმით, რუსებს ქალაქის 70% ჰქონდათ დაკავებული, თუმცა უკრაინელმა ჯარისკაცებმა ისინი გარკვეული პოზიციებიდან განდევნეს და ახლა ქალაქის დაახლოებით 50%-ს უკრაინელები აკონტროლებენ.
"რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სევეროდონეცკი სრულიად აიღეს, სიცრუეა. მართალია რთული ვითარება გვქონდა და რუსებმა ქალაქის 70% აიღეს, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა მტერი გარკვეული პოზიციებიდან განდევნა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქი შუაზეა გაყოფილი. ოკუპანტები იერიშებს ვერ იწყებენ, ეშინიათ.
ბოლო 2 დღის განმავლობაში სერიოზული ზარალი მივაყენეთ. სავსებით შესაძლებელია, რომ ის ბებერი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პუტინი, ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება და სჯერა, რომ მისმა ჯარისკაცებმა მართლა აიღეს სევეროდონეცკი. რუს გენერალს დვორნიკოვს ბრძანება მისცეს, რომ ან სევეროდონეცკი, ან ლისიჩანსკი-ბახმუტის დამაკავშირებელი გზა 10 ივნისამდე ბოლომდე უნდა აიღოს.
აქედან გამომდინარე, რუსებმა მთელი რესურსი ამ ბრძანების შესასრულებლად გადმოისროლეს. ტყვედ ჩავარდნილი რუსები თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ არ იცოდნენ, სად მოდიოდნენ. ეს სიცრუეა. ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა", - ამბობს გაიდაი.
მისივე თქმით, ოკუპანტებმა დღეს ლისიჩანსკში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრს 30 რაკეტა ესროლეს. თავდასხმის შედეგად შენობა განადგურდა.
"წამოიდგინეთ საგანგებოდ აშენებული უზარმაზარი შენობა მთლიანად გაანადგურეს. ლუგანსკის ოლქში არსებული ყველა საავადმყოფო და ინფრასტრუქტურული ობიექტები შეგნებულად გაანადგურეს, ტექნიკას იპარავენ. სევეროდონეცკი, რუბეჟნეო, პოპასნა, სჩასწიე მთლიანად განადგურებულია. ახლა ლისიჩანსკის განადგურებას იწყებენ", - თქვა სერგეი გაიდაიმ.