
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მისი თვითმფრინავისთვის, სამი ქვეყნის საჰაერო სივრცის დაკეტვას, წარმოუდგენელს უწოდებს. მისი მტკიცებით, ევროკავშირმა და ნატოს ქვეყნებმა სერბეთს სუვერენული პოლიტიკის გატარების უფლება წაართვეს.
ლავროვის თქმით, გასულ 24 საათის განმავლობაში ბევრი კითხვა გაჩნდა "რეაქციაზე ნატო-ს ზოგიერთი წევრის მიერ მიღებულ უპრეცედენტო გადაწყვეტილებებზე", რამაც შეაფერხა სერბეთში დაგეგმილი ვიზიტი.
"რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი რამ მოხდა და მე მესმის თქვენი ინტერესი ჩვენი შეფასებით ამ აღმაშფოთებელი ქმედებების მიმართ. სუვერენულ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლება ჩამოერთვა. დაბლოკილია სერბეთის საერთაშორისო საქმიანობა რუსეთის მიმართულებით", - თქვა ლავროვმა.
ლავროვი ამბობს, რომ ახლა თავის სერბ კოლეგას, ნიკოლა სელაკოვიჩს მოსკოვში მიიწვევს და "ვერავინ შეძლებს სერბეთთან რუსეთის ურთიერთობის გაფუჭებას".
ცნობისთვის, სერბეთში დაგეგმილი ვიზიტი გაუქმდა, რადგან ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ სერგეი ლავროვის თვითმფრინავს საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა.