
რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში სასამართლომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ყოფილ მღვდელს, იოანე კურმოიაროვს ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა - ამის შესახებ იტყობინება Sever.Realii
კურმოიაროვის მეგობარზე დაყრდნობით.
მას ბრალი ედება „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებაში“. სტატიის მიხედვით, მღვდელს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კურმოიაროვის წინააღმდეგ საქმე მის YouTube არხზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო აღიძრა. ვიდეო სახელწოდებით "ვინ იქნება ჯოჯოხეთში და ვინ სამოთხეში?" ინტერნეტში 12 მარტს გამოჩნდა. ვიდეოში სასულიერო პირმა რუსულ არმიას უწოდა აგრესორი, რომელიც „დაესხა თავს, ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, მეზობელ ხალხს“.
კურმოიაროვის დაკავების დროს, რუსეთის უშიშროების ძალებმა ამოიღეს გაჯეტები, ორი ხატი, ხის ჯვარი და სამოსელი.