
კიევში, უკრაინისა და ევროკომისიის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლეიენს კიევში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მის როლს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაში.
"მოხარული ვარ ურსულა ფონ დერ ლეინის უკრაინაში ვიზიტით. მისი კიევში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის როლს ჩვენს საერთო ბრძოლაში, თავისუფლების ბრძოლაში. დღეს როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ. რუსეთს ევროპის განადგურება და დანაწევრება სურს. უკრაინა ამ გეგმისა და აგრესიის პირველი ეტაპია. უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში, რუსულ აგრესიაზე და ევროპის დაცვაზე სწორი პასუხი იქნება.
უკრაინელმა ერმა საერთო ღირებულებისა და მომავლის დაცვაში თავისი წვლილი შეიტანა. მომდევნო კვირას ველოდებით პასუხს ევროკავშირისგან. ამასთან, ევროპის ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვებით დადასტურდა რომ ევროპელები უკრაინას ევროკავშირში ელოდებიან. უკრაინელ ერს ესმის, რომ კანდიდატის სტატუსი ამ გზის დასაწყისია და რომ კანდიდატის სტატუსიდან სრულფასოვან წევრობამდე გზა უნდა გავიაროთ.
ევროპული პროექტი უკრაინის გარეშე ვერ დასრულდება. უკრაინა, როგორც თავისი ქვეყნის, ასევე ევროპის უსაფრთხოებას იცავს. მადლობელი ვარ ევროპის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის. ეს თანხა უკრაინის აღდგენას მოხმარდება" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თავის მხრივ უკრაინაში მიმდინარე ომსა და უკრაინის ევროპულ მომავალზე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტმაც და ვოლოდიმირ ზელენსკის ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
"დათრგუნული ვარ, რომ ეს საშინელი ომი ამ დრომდე გრძელდება. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გმირულად იცავენ უკრაინელები სამშობლოს. ამასთან თქვენ უკვე დაიწყეთ ქვეყნის ეტაპობრივი აღდგენა. ევროპაში დროებით მყოფი ადამიანები ეტაპობრივად ბრუნდებიან. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ვიზიარებთ უკრაინის აღდგენის პროექტს. გვინდა რომ უკრაინის ნანგრევებიდან აღდგენის სრული გეგმა შევიმუშაოთ და დაგეხმაროთ. ამასთან, გვინდა დიდი ინვესტიცია განვახორციელოთ, რათა ადამიანებსა და ქვეყანას ევროპისკენ მიმავალ გზაზე დავეხმაროთ. მოხარული ვარ, რომ ხელისუფლება, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე აქტიურად მუშაობს.
კიდევ ბევრია სამუშაო. ქვეყანაში ახლა ომია, მთელი ჩვენი ძალისხმევა ამ ომის დასრულებისკენაა მიმართული. მთავრობამ ბევრი გააკეთა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის დასაცავად , ასევე კორუფციასთან საბრძოლველად. უკრაინას ძალიან დამსახურებული მიმართულება აქვს, მოხარულები ვართ და ვაფასებთ მოტივაციას და ძალისხმევას, რომელიც უკრაინელ ერს ევროპულ გზაზე აქვს", - თქვა ფონ დერ ლეიენმა.