გიორგი რურუა ისევ პატიმრობაში რჩება - დღეს მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა კვლავ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ და პოლიტპატიმარი საპყრობილეში დატოვა.
დღეს სხდომა გიორგი რურუას განცხადებით დაიწყო, სადაც იგი გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გიორგი რურუას წინა ხელისუფლების დროს ნასამართლევი იყო, თუმცა წინა პროცესში დაცვის მხარის ადვოკატებმა წარმოადგინეს დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ იგი არასდროს ყოფილა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.
გიორგი რურუას თქმით, ეს განცხადება არის მიზანმიმართული ტყუილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
ამ წუთებში პროცესზე იმ გამომძიებელს კითხავენ, რომელიც გიორგი რურუას საკანში იმყოფებოდა, მისი პირადი ნივთები აიღო და გაყალბებული დოკუმენტი შეადგინა. მანამდე კი სასამართლოს ჩვენება იმ კერძო კომპანიის წარმომადგენელმა მისცა, ვისი კუთვნილი შენობის მიმდებარედაც გიორგი რურუა დააკავეს.
დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობის დაყენების საფუძველი სწორედ ამ მოწმის ჩვენება გახდა. შენობაზე დამონტაჟებული იყო რამდენიმე კამერა, რომელთაგან გამოძიებას მხოლოდ რამდენიმე, თავად საგამოძიებო სტრუქტურების მოთხოვნილი კამერების ჩანაწერები მოითხოვეს. სწორედ ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურამ შეგნებულად არ წაიღო იმ კონკრეტული კამერის ჩანაწერი, რომელზეც შესაძლოა, გიორგი რურუას დაკავება ყოფილიყო აღბეჭდილი.
გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვება გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ პროცესში გამორკვეული გარემოებები მოითხოვდა გიორგი რურუას გირაოთი გათავისუფლებას მაინც.
როგორც ჩანს, მოსამართლეს მიღებული აქვს ძალიან მკაცრი პოლიტიკური ინსტრუქციები, რომ გიორგი რურუა უნდა დარჩეს პატიმტრობაში. გიორგი რურუა, რა თქმა უნდა, გათავისუფლდება საპატიმროდან, თუ არა არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ მაინც. ქვეყანა შედის ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, რადგან ეს განაცხადი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ დღეს ხელი შეუშალა პოლიტიკურ კონსესუსს, ეს არის განაცხადი, რომ ხელისუფლება ხელს მოაწერს ყველაფერზე არჩევნებამდე და ფიქრობს, რომ ძალადობის და სხვა გზებით მას მეორე ჯერზე გაუვა არჩევნების მითვისება, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
დაცვის მხარის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ კერძო კომპანიის წარმომადგენელი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ადასტურებს, რომ კომპანიის შენობაზე დამაგრებული ერთ-ერთი ვიდეო კამერის ხედვის არეში გიორგი რურუას დაკავების ადგილი ხვდებოდა და გამოძიებას ეს ჩანაწერი არ ამოუღია.
გიორგი რურუას სასამრთლო პროცესი ოთხშაბათს, 1 ივლისს გაგრძელდება კვლავ დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით.