გორის მერიას დაქვემდებარებულ კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს პროექტების მენეჯერი ქრთამის აღებაში ამხილეს. საქმეში, რომელსაც ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს, "მთავარი არხის" ინფორმაციით, ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები დევს. ჩანაწერებით დგინდება, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი გაურიგდა ინდ. მეწარმე გიორგი აბრამიშვილს და მისგან გამარტივებული ხელშეკრულების სანაცვლოდ ქრთამი აიღო.
მაია შარაშენიძის აღკვეთ ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა და ბრალდებული 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ის ოფიციალურად ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ, გორის ტურიზმისა და კულტურის სააგენტოში ამბობენ, რომ ის შვებულებაშია.
"არანაირი ინფორმაცია არ მაქვს რაზეც შემიძლია დეტალურად საუბარი გარდა იმისა, რომ დილით ერთ-ერთი მედიასაშუალებით მოვისმინე. იმის იქით ნამდვილად არაფერი ვიცი რაზეც კომენტარის გაკეთება შემიძლია. პროექტების მენეჯერია, გასულ კვირას რამდენადაც ვიცი შვებულება აიღო და შვებულებაში იმყოფება დღეის მდგომარეობით", - ამბობს კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ქეთი დვალიშვილი.
ბრალდებულის ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი ადასტურებს, რომ საჯარო მოხელეს ქრთამის აღებას ედავებიან და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმე ეხება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას, რა დროსაც შარაშენიძემ ერთ-ერთ კომპანიას კონკრეტული მომსახურების, ფოიერვერკის სანაცვლოდ ხელშეკრულება გაუფორმა და ამაში ქრთამი აიღო.