6 თვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმეზე მსჯელობა განახლდა. სხდომაზე ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ყოფილ თანამშრომელს კითხავენ. დღეს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმება. მათ ილიჩოვასა და მელაშვილის საქმიანობის შესახებ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია.
ამ დროისათვის კითხვებს ბრალდების მხარის მოწმე რუსუდან ტუშური პასუხობს. ტუშური, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელია, რომელიც მიწვეული იყო სწორედ იმ კომისიაში, რომელიც კარტოგრაფების საქმის მთავარ მტკიცებულებებს ადგენდა.
პროკურორის კითხვაზე: მუშაობდა თუ არა ივერი მელაშვილის გარდა ვინმე ნახაზებთან დაკავშირებით, ტუშური პასუხობს, რომ სხვას არ ჰქონდა კომპეტენცია ამ საკითხზე მუშაობის და სწორედ ივერი მელაშვილია, რომელმაც სხვა სპეციალისტებთან ერთად ყველა ის საქმე გააკეთა რაც ამ რუკებთან იყო დაკავშირებული.
ცნობისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მოგვიანებით, 24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ივერი მელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
იხილეთ ასევე: