ეროვნულ მუზეუმში თანამშრომელთა დაბარება და ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო - პროფკავშირი

გამოქვეყნდა:

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირი აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თანამშრომელთა დაბარება და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო. პროფკავშირების განცხადებით, მათი წევრები ახლადშექმნილმა მონიტორინგის სამსახურმა 14 ივნისს დაიბარა და ახსნა-განმარტების დაწერა მოითხოვა. 

"2022 წლის პირველ აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმში გაუმჭვირვალე რეორგანიზაციის ფარგლებში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი გაუქმდა და მისი ფუნქცია მონიტორინგის დეპარტამენტმა შეითავსა.

9 ივნისს პროფესიული კავშირის წევრები დამსაქმებელთან კოლექტიური დავის წამოწყების და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კანცელარიაში განცხადების შეტანის მიზნით მუზეუმის წინ 17:00-17:30 საათზე შეიკრიბნენ.

14 ივნისს ახლადშექმნილმა მონიტორინგის სამსახურმა შეკრებილი თანამშრომლების დაბარება და შეკრებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების დაწერა მოთხოვა. ვინაიდან დასაქმებულებმა გამოიყენეს კუთვნილი შესვენების უფლება, შესაბამისად დამსაქმებლის მხრიდან მსგავსი ტიპის შეკითხვა, ჩვენი შეფასებით არის პროფკავშირული საქმიანობისთვის ხელის შეშლა", - წერია პროფკავშირების განცხადებაში.

პროფკავშირები მოუწოდებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციას, შეწყვიტოს თანამშრომლების დაშინება და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

"ჩვენ არ გვთვლიან მორჩილ ადამიანებად, წარმოიდგინეთ. უნდა იყო ახალი ადმინისტრაციის და ახალი ჩვენი სამინისტროს აზრით, მათ გადაწყვიტეს, რომ მეცნიერი უნდა იყოს მორჩილი და რასაც ისინი ეტყვიან, ის უნდა გააკეთოს. უბრალოდ მეცნიერებს იბარებენ და ეუბნებიან, რატომ იყავი აქ. მეორე მსოფლიო ომის დროს არ ჩერდებოდა საქართველოში არქეოლოგიური გათხრები და წარმოიდგინეთ, დღეს 2022 წელს, კულტურის სამინისტროს არცერთი ნებართვა მნიშვნელოვანი ექსპედიციისა არ გაუცია", - ამბობს პროფკავშირების გამგეობის წევრი, გიორგი ბიძინაშვილი.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა მუზეუმებიდან რეორგანიზაციის მიზეზით ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები რეპრესიებზე საუბრობენ და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი