
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანული იარაღი, რომელიც უკრაინამ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად მოითხოვა, ქვეყანაში დროულად ჩავა. ამასთან დაკავშირებით კანცლერმა გამოცემა dpa-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინას იარაღის მიწოდების რიგში პრიორიტეტი მიენიჭება.
"თქვენ იცით, რომ გვაქვს მომხმარებელთა დიდი სია, რომლებიც 2-3 წლის განმავლობაში ელოდებიან იარაღის მიღებას", - თქვა შოლცმა და დასძინა, რომ უკრაინისთვის დახმარების დროულად გაწევის მიზნით, გერმანიის მთავრობა ამ მიწოდების თანმიმდევრობას ცვლის.
ამასთან, ოლაფ შოლცმა განმარტა, რომ მძიმე იარაღის მიწოდება უკრაინისთვის განხორციელდება მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები შესაბამის სამხედრო წვრთნებს გაივლიან, რადგან მისივე თქმით, წვრთნის გარეშე ამ იარაღს "ვერ გამოიყენებენ".
"ჩვენ მივაწვდით ანტიბალისტიკურ სისტემას, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს ოდესა ან კიევი. ასევე, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, გადავწყვიტეთ მივაწოდოთ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები", - თქვა ოლაფ შოლცმა.