
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის დაბლოკვა ნამდვილი ომის დანაშაულია. მისივე თქმით, ბლოკის მიერ დაწესებული სანქციები საკვების გლობალურ კრიზისთან კავშირში არ არის.
"პრობლემის საწყისი რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადაა. წარმოუდგენელია, რომ მილიონობით ტონა ხორბალი უკრაინაში, რუსულ ბლოკადაში რჩება მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო შიმშილობს. ეს ომის დანაშაულია", - თქვა ბორელმა.
გაეროს განცხადებით, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, შესაძლოა, მსოფლიოში 49 მილიონი ადამიანი შიმშილამდე, ან მსგავს პირობებამდე მიიყვანოს.
მსოფლიო ქვეყნები ცდილობენ იპოვონ გზა რუსული ბლოკადისთვის გვერდის ასავლელად. პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინისთვის მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვით "საკვებს იარაღად იყენებს".
ჯოზეფ ბორელი საკითხს მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც პუტინმა თქვა, რომ გლობალური საკვების კრიზისი უკრაინაში რუსეთის ქმედებებით არ არის გამოწვეული და აშშ ფასების ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა.