მის პირად სივრცეში რაც უნდა ის გაუკეთებია - კალაძე სამგორის გამგებლის გათავისუფლებას არ აპირებს

გამოქვეყნდა:

"არა, რა თქმა უნდა" - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აპირებს თუ არა სამგორის გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას, მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში 20 ივნისის აქციის მონაწილეებზე შეურაცხმყოფელი პოსტი დაწერა.

კალაძის თქმით, მას კახა სამხარაძის განცხადება არ მოეწონა, თუმცა "ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია" და "თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა იმას დაწერს".

"მე შეიძლება არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ეს მისი პირადი სივრცეა და თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა იმას დაწერს, შეიძლება ჩემთვის არ იყოს მოსაწონი, თუმცა ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე, ჩვენ ეს მოვახერხეთ 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა ქვეყანაში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის უმაღლეს დონეზეა, ჩემთვის არ იყო მოსაწონი, შეიძლება ვიღაცისთვის მოსაწონი იყო, ვიღაცას კიდევ უფრო არ მოეწონა გაღიზიანდა, თუმცა სიტყვის თავისუფლება მისი პირადი სივრცეა", - თქვა კახა კალაძემ.

ამის შემდეგ ჟურნალისტებმა კალაძეს ჰკითხეს, შეიცავდა თუ არა სამგორის გამგებლის პოსტი სიძულვილის ნიშნებს. პასუხად კალაძემ ხელი ისევ კრიტიკული მედიისკენ გაიშვირა.

"სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია და ამაზე როცა მითითებას გაძლევენ ის ადამიანები ის ტელევიზიები, საიდანაც ყოველდღიურად სიბინძურის ნიაღვარი მოდის, სიძულვილის ენამ შეურაცხყოფები, ოჯახის შეურაცხყოფები თავდასხმები, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებისგან მიუღებელია. ამ ადამიანის ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვთ", - თქვა მან.

ცნობისთვის, სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც 20 ივნისს "შინ ევროპისკენ" აქციას დაესწრნენ ქვეყნის მტრები და სი*ები არიან.

მოგვიანებით სამხარაძემ პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი