
დროებით ოკუპირებული მარიუპოლის ქუჩებში დაახლოებით 9 000 ტონა ნაგავია დაგროვებული. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპანტებს ნაგავი ზამთრის ბოლოდან არ გაუტანიათ, რადგან მუნიციპალური მანქანები გაანადგურეს.
უწყება ვარაუდობს, რომ ეს ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის.
"მარიუპოლი ეპიდემიოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. ქალაქში სრული ანტისანიტარიაა. გავრცელებულია ინფექციური დაავადებები - მათ შორის ქოლერა და დიზენტერია. ყველა რაიონში სამარხებია, არ მუშაობს კანალიზაცია. არ არის სასმელი წყალი. ამას ემატება ნაგვის მთები. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის მარიუპოლის მაცხოვრებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლებიც აღმოჩნდებიან ნამდვილ გეტოში", - ამბობს მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მარიუპოლის მცხოვრებლებს საშუალება მიეცეთ დატოვონ ქალაქი და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ.