ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება - G7-ის განცხადება

გამოქვეყნდა:

გერმანიაში დიდი შვიდეულის სამიტი დასრულდა. წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების საკითხი განიხილეს.  შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელდა G7-ის განცხადებაც.

განცხადებაში დიდი შვიდეულის ქვეყნები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას და კიდევ ერთხელ გამოხატავენ უკრაინელი ხალხისა და მთავრობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გაერთიანების წევრი ქვეყნები მიესალმებიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას.

"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის ფინანსური, ჰუმანიტარული და დიპლომატიური მხარდაჭერის უზრუნველყოფას და ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - წერია განცხადებაში.

G7-ის წევრები განცხადებაში წერენ, რომ მკაცრად გმობენ რუსეთის ბრუტალურ, არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ და უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.

"გარდა ამისა, ჩვენ ვგმობთ რუსეთის მცდელობას ჩაანაცვლოს უკრაინაში დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, არალეგიტიმურით. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაასრულოს ომი, რომელიც თავად აირჩია. დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს ყველა საომარი მოქმედება და გაიყვანოს თავის ჯარები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, საზღვრებიდან, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ რიტორიკას ბირთვული იარაღის შესახებ.  რუსეთი უნდა დარჩეს მისი საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში, მათ შორის იმ შეთანხმებაში, რომელიც კრძალავს, ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, რომ მოიქცნენ პასუხისმგებლობით და თავშეკავებით. ვიმეორებთ, მსგავსი იარაღების ნებისმიერი ფორმით გამოყენება, იქნება მიუღებელი და მოჰყვება შესაბამისი შედეგები. ამ მხრივ, ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ რუსეთის განცხადებაზე, რომ მან შესაძლოა ბირთვული შესაძლებლობების მქონე იარაღი ბელარუსში გადაიტანოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარი შეეხო რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას. G7-ის ქვეყნები ამბობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების გასაძლიერებლად, მომდევნო დღეებსა და კვირებში დამატებით ზომებს მიიღებენ.

გარდა ამისა 7 ქვეყნის ლიდერი აღნიშნავს, რომ ისინი ვალდებულებას იღებენ დაეხმარონ უკრაინას, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე დაიცვას საკუთარი თავი და გადაწყვიტოს თავისი მომავალი. ლიდერები მიიჩნევენ, რომ დიპლომატიური გზის განსაზღვრა უკრაინის გადასაწყვეტია. გარდა ამისა ლიდერები აღნიშნავენ, რომ  ისინი ერთად იმუშავებენ, რათა დაეხმარონ უკრაინას ომის დასრულების შემდეგ თავის დაცვაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი