
იტალია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებას განიხილავს, შესაძლოა, ეს იყოს ჰაუბიცები - ამასთან დაკავშირებით ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ მადრიდში, ნატო-ს სამიტზე ისაუბრა.
გამოცემა Politico-ს ცნობით, რუტემ ალიანსის სხვა წევრებს მოუწოდა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაზარდონ.
"უკრაინისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის მძიმე შეიარაღების სისტემები", - თქვა მარკ რუტემ და დასძინა, რომ მის ქვეყანას დიდი რაოდენობით ჰაუბიცები არ გააჩნია, იტალიამ კი გადაწყვიტა, ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.
ამასთან, ნიდერლანდების პრემიერმა აღნიშნა, რომ მას ახლა ყველაზე მეტად აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება აწუხებს, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში რუსული ჯარები "ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად" მიიწევენ წინ.
ჟურნალისტების კითხვას - კონკრეტულად რა ტიპის ჰაუბიცების გადაცემაზე იყო საუბარი, ნიდერლანდების პრემიერმა უპასუხა, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საკითხთან დაკავშირებით Politico იტალიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ესაუბრა. მან დეტალებზე არ ისაუბრა და თქვა, რომ იარაღის სია, რომელიც შესაძლოა, უკრაინას მიეწოდოს, გასაიდუმლოებულია.