უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს და ემბარგოსა და სანქციების დაწესების პროცედურებს იწყებს

გამოქვეყნდა:

უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს - შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მიზეზი ასადის რეჟიმის მხრიდან, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარებაა

გადაწყვეტილებას უკრაინა არამეგობრულ აქტად, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევად აფასებს - "ეჭვგარეშეა, რომ სირიის რეჟიმი კრემლის კურატორების დავალებით ცდილობს, ფსევდოსუბიექტურობა მისცეს დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციებს."- აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გარდა, უკრაინა სირიისთვის სავაჭრო ემბარგოს და სხვა სანქციების დაწესების პროცედურას იწყებს:

"ამ არამეგობრული აქტის საპასუხოდ, უკრაინა წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს სირიასთან, ვენის 1963 წლის საკონსულო ურთიერთობის შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. უკრაინული მხარე ასევე იწყებს სირიისთვის სავაჭრო ემბარგოს დაწესების პროცედურას, ასევე სხვა სანქციების დაწესებას სირიის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე.

„ჩვენი პოზიცია მკაფიოა - ჩვენ ვრეაგირებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერ მცდელობაზე და ყველა შესაძლო გზით დავიცვათ ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის დიპლომატიურ ფრონტზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

ცნობისთვის, სირიელი ხალხის წინააღმდეგ ბაშარ ასადის რეჟიმის დანაშაულთან დაკავშირებით, უკრაინულმა მხარემ 2016 წელს დახურა უკრაინის საელჩო დამასკოში, ხოლო 2018 წელს კიევში სირიის საელჩოს დახურვის ბრძანება გასცა. 

უკრაინელების ინტერესებს სირიაში იცავს უკრაინის საელჩო ლიბანში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი