
უკრაინის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახური აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევებს რუსეთი აფინანსებს. უწყების ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, ანუ ომის დაწყების დღიდან, რუსეთმა უკრაინის სტრუქტურებზე 796 კიბერშეტევა განახორციელა.
"ჰაკერები, რომლებიც თავს დაესხნენ ჩვენს სისტემებს, ცდილობენ გაანადგურონ უკრაინის ინფრასტრუქტურა, ისინი დაფინანსებულია რუსეთის სახელმწიფოს მიერ. რუსეთში ჰაკერების ჯგუფების 90% ეკუთვნის სამართალდამცავ უწყებებს... ჩანდა, რომ რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც იყო ბოლო წლებში. დასახულ მიზანს ვერცერთმა მათმა თავდასხმამ ვერ მიაღწია,"- თქვა სახელმწიფო სპეციალური სამსახურის უფროსმა იური შჩიგოლმა.