"ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამიშვილი "ტვ პირველის" დამფუძნებელს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ანრი ოხანაშვილმა "ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა".
მისი აზრით, ვატო წერეთელზე თავდასხმაში მონაწილე "ოცნების" დეპუტატი ღირსეული კაცია ევროპული განათლებით.
"ამაზე უფრო სიმბოლური ამ დღეებში ვერაფერი მოხდებოდა!
ერთ მხარეს - პროვოკატორი, მატყუარა, უმორალო, უთავმოყვარეო, მკვლელი ჭუტა წერეთელი და მეორე მხარეს - წესიერი, საქმიანი, ერუდირებული, ღირსეული კაცი ანრი ოხანაშვილი ევროპული განათლებით, რომელმაც ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა.
ერთი თბილისში მამის ფულების იმედით ბავშვებს რომ ხოცავდა, მაშინ მეორე, სიმწრით მოპოვებული დაფინანსებით, ევროპაში სწავლობდა და სადოქტოროს იცავდა.
ზუსტად ასეთი განსხვავებაა ნაცებსა და ქართულ ოცნებას შორის", - წერს იონათამიშვილი.
ცნობისთვის, შემთხვევა აშშ-ს საელჩოში 30 ივნისს მოხდა. "ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ, ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა კი მას ხელი დაარტყეს. წერეთელი ინციდენტის მონაწილეებად ასევე ასახელებს ირაკლი ზარუასა და ბექა ოდიშარიას.
ვატო წერეთელი და "ტვ პირველი" ითხოვს მომხდარის ამსახველი კადრები საელჩომ გაასაჯაროოს. აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ ინფორმაციას სწავლობენ. იხილეთ ასევე: