
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შესაძლოა, რამდენიმე დღე აშორებდეს შეთანხმების მიღწევამდე, რომელიც შავი ზღვის გავლით მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებს.
ამასთან დაკავშირებით ერდოღანმა ანკარაში, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა
"მოლაპარაკებები გრძელდება, რათა ამ მარცვლეულმა და მზესუმზირის ზეთმა დანარჩენ მსოფლიომდე მიაღწიოს", - თქვა ერდოღანმა.
მანვე აღნიშნა, რომ კომერციული გადაზიდვებისთვის უსაფრთხო გასასვლელის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იმის მიუხედავად, რომ მისი ქვეყანა მარცვლეულის დეფიციტს არ განიცდის, აფრიკა უკვე "უზარმაზარ პრობლემას" აწყდება.
შეგახსენებთ, ომის დაწყებამდე უკრაინა მარცვლეულის უდიდესი ექსპორტიორი იყო, თუმცა რუსი ოკუპანტების შეჭრისა და შავი ზღვის პორტების ბლოკადის შემდეგ, ქვეყანა მარცვლეულის ექსპორტს ვეღარ ახორციელებს. შექმნილი ვითარების გამო, თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევას ცდილობს. კიევის მთავრობას სურს, რომ სწორედ თურქეთმა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები იმ გემებისთვის, რომლითაც უკრაინიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულს გაიტანენ.