პირადი საუბრები ომის დაწყებამდე | რუსეთი მაკრონს დიპლომატიური კონფიდენციალობის დარღვევაში ადანაშაულებს 

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, რუსეთი დიპლომატიური კონფიდენციალობის დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია მაკრონის გადაწყვეტილებაზე, დოკუმენტურ ფილმში გაესაჯაროვებინა პირადი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან. ფილმი ეხება მაკრონის წარუმატებელ მცდელობას დაერწმუნებინა ვლადიმერ პუტინი, არ დაეწყო ომი უკრაინაში. მაკრონის ამ გადაწყვეტილებას რუსეთის მხრიდან მკაცრი საყვედური მოჰყვა.

"ჩვენ მოლაპარაკებებს ყოველთვის ისე ვაწარმოებთ, რომ საკუთარი თავის არ შეგვრცხვეს. ყოველთვის ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ. თუმცა დიპლომატიური პრაქტიკა მსგავსი ჩანაწერების ცალმხრივად გამჟღავნების შესაძლებლობას არ იძლევა", - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მაკრონსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე 4 დღით ადრე, 20 თებერვალს შედგა, France 2-ის ტელევიზიამ გადაიღო. ის ეთერში გასულ ხუთშაბათს დოკუმენტურ ფილმში - "პრეზიდენტი, ევროპა და ომი" გავიდა.

სატელეფონო საუბრისას პუტინი "პრინციპში" დათანხმდა შეხვედროდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ჟენევაში. ბაიდენი-პუტინის შეხვედრა არ შემდგარა. გარდა ამისა, როგრც ჩანს, მაკრონის დიპლომატიური მრჩეველი პუტინს მატყუარას უწოდებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, იმედოვნებდა, რომ ფილმი მაკრონის მიმართ შეამცირებდა კრიტიკას იმის გამო, რომ მისი პოლიტიკა პუტინის მიმართ რბილია და მის მცდელობას ყოფილიყო მედიატორი რუსეთსა და დასავლეთს შორის უფრო დადებითად წარმოაჩენდა. ამის ნაცვლად, ამან შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს მოსაზრება, რომ ის გულუბრყვილოა

ერთ-ერთ სცენაში, გასულ თვეს, კიევიდან დაბრუნებისას მაკრონი ცდილობდა აეხსნა, რატომ აგრძელებდა ის საუბარს რუსეთის პრეზიდენტთან: "მე ვფიქრობდი, რომ შეიძლება გვენახა გამოსავალი პუტინთან ნდობისა და მსჯელობის გზით", - ამბობდა ის.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტრანსკრიპტების გაჟონვაში ადანაშაულებენ. 2020 წელს ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მა მაკრონისა და პუტინის საუბარი გაასაჯაროვა, რომელიც რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის შეეხებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი