
უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, გამოძიება ომის დანაშაულის 21 ათას შემთხვევაზე მიმდინარეობს, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დღიდან ჩაიდინა. ამის შესახებ ვენედიქტოვამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გენერალური პროკურატურა ყოველდღიურად იღებს ცნობებს 200-300 სამხედრო დანაშაულის შესახებ.
როგორც მან აღნიშნა, ბევრი სასამართლო პროცესი შესაძლოა დაუსწრებლად წარიმართოს, თუმცა, სასამართლო პროცესების ჩატარება სამართლიანობის საკითხია.
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლა, წამება, გაუპატიურება, გაიგონ, რომ მათი სასამართლოს წინაშე წარდგომა მხოლოდ დროის საკითხია", - თქვა მან.
გენერალურმა პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ მისი გუნდი უკრაინის ყველა რეგიონში მუშაობს, თუმცა, ზოგ ტერიტორიაზე გამოძიების ჩატარება, მოსახლეობასთან კომუნიკაციის გამო რთულია.