რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი "დიდი ოცეულის" სამიტს, რომელიც ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე იმართება ვადაზე ადრე ტოვებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ პარასკევს დილით განაცხადა, რომ "ლავროვი კვლავ აწარმოებს ორმხრივ მოლაპარაკებებს, შემდეგ ის ისაუბრებს პრესასთან და წავა".
ეს იმას ნიშნავს, რომ ლავროვი ოფიციალურ ვახშამსა და სამიტის ფარგლებში დღის მეორე ნახევარში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს.
კონფერენციის დასაწყისშივე G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს ტრადიციული ჯგუფური ფოტოს გადაღებაზე, რათა თავიდან აიცილონ ლავროვთან სურათების გადაღება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.
გარდა ამისა, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს ვახშამს ლავროვთან ერთად დასწრებოდნენ. 8 ივლისს რუსულ სახელმწიფო მედია "ტასზე" გავრცელდა ლავროვის კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ მინისტრებს "არ ესმით თავაზიანობა და ეტიკეტის წესები".