მთავარი არხის ჟურნალისტების უკანონო მიყურადების საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კითხვები აქვს მთავარი არხის უსაფრთხოების თანამშრომლებთან - როგორ მოხვდა პოსტ-ფაქტუმის სამუშაო ოთახში მოსასმენი მოწყობილობა.
კოკა კაციტაძე პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს და ამბობს რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოსასმენი მოწყობილობა ვერ იპოვეს და უცნობია, როგორ და ვინ ჩაიწერა ჟურნალისტების სამუშაო პროცესი.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფარული მიყურადების შესაძლო საქმეზე ჩაატარა აუცილებელი, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, რაც შეიძლება ჩაგვეტარებინა პირველ დღეებში, გამოიკითხნენ ჟურნალისტები. ასევე, როგორც თქვენთვის ცნობილია იმ სამუშაო ოთახში, რომელიც არის განთავსებული მთავარი არხის სამუშაო სივრცეში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, ოთახის დათვალიერება, მათ შორის, მთავარი არხის წარმომადგენლების მონაწილეობით და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც ცდილობდნენ აღმოეჩინათ რაიმე ტექნიკური მოწყობილობა, თუკი ასეთი არსებობდა ამ ოთახში, თუმცა ასეთი ტექნიკური მოწყობილობა არ იქნა ნანახი....
ჩვენ გვაქვს შეკითხვები "მთავარი არხის" უსაფრთხოების სამსახურთან, თუ როგორ შეიძლება სამუშაო სივრცეში უცნობი პირი აღმოჩნდეს იმ პირობებში, როდესაც ამ სამუშაო ოთახის ირგვლივ არის ვიდეოკამერები" ამბობს კაციტაძე.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. მათი საუბარი სავარაუდოდ 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაიწერეს, სწორედ ამ დროს არის გასული ის რეპორტაჟი, რომლის შესახებაც ისინი მსჯელობენ. სიუჟეტი სუს-დან გამოჟონილ ფაილებს ეხებოდა, კონკრეტულად როგორ იყენებს ხელისუფლება ნასამართლევ ადამიანებს არჩევნების დროს ხმების მოსაგროვებლად.
უკანონო მოსმენების საქმეზე გამოძიება კაციტაძის უწყებამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
გამოკითხნენ მთავარი არხის ჟურნალისტები, თუმცა საქმის მთავარი ფიგურანტი და აუდიოჩანაწერების გამსაჯაროებელი "უცნობი" საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე არ მისულა.