"როდესაც ჩაითვალა, რომ არის საკმარისი მტკიცებულებები, მაშინ დაიწყო საქმე" - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და სწორედ ასე ეხმაურება სოსო გოგაშვილის დაკავებას. ამბობს იმასაც, რომ უკეთესი იქნება, თუ ამ თემაზე კომენტარებს არა პოლიტიკოსები, არამედ სამართალდამცველი ორგანოები გააკეთებენ.
პირველ რიგში, მას ძალიან დიდი ხანია შეხება არ აქვს "ქართულ ოცნებასთან", წლებია უკვე არავითარი შეხება არ აქვს. ეს ერთი. მეორე, უმჯობესია, რა თქმა უნდა, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარები აკეთონ არა პოლიტიკოსებმა, არამედ სამართალდამცავმა ორგანოებმა და ეს ასეც იქნება. ჩვენ უნდა დაველოდოთ სამართალდამცავი ორგანოების კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ეხება სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და დეტალებს მოვისმენთ მათგან.
მთავარი არის ნახეთ რა, თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ შემთხვევაში, ამას სჭირდება გამოძიება და შესაბამის კითხვებზე პასუხს გაგცემენ სწორედ სამართალდამცავი ორგანოები... სამართალდამცავი ორგანოების საქმეა ეს ყველაფერი, როდესაც ჩაითვალა, რომ არის საკმარისი მტკიცებულებები, მაშინ დაიწყო საქმე, - ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ სოსო გოგაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს და ე.წ. მოდულის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ბრალი კი ოფიციალურად 17 ივლისს წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ბრალდებულია სსკ-ის სამი მუხლით - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.