
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ იმსჯელეს. განსახილველ ზომებს შორის იყო რუსეთიდან ოქროს შესყიდვის აკრძალვა.
გარდა ამისა, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის შეიარაღებისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის მეხუთე ტრანშის გამოყოფის შესახებაც მიაღწიეს შეთანხმებას.
სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სანქციები მკაცრი და მძიმეა, სამიზნეები კი ისევ პუტინი და კრემლთან დაახლოებული პირები არიან.
გარდა ამისა, ბორელის თქმით, ევროკავშირი იმაზეც იზრუნებს, რომ უკვე არსებული სანქციების გვერდის ავლის მექანიზმები მაქსიმალურად შეზღუდოს.
"რამდენი ხანიც გაგრძელდება ომი, იმდენი ხანი გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. დღეს შევთანხმდით უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება მიღებული, თუმცა მინისტრები ამაზე უკვე შეთანხმდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს სანქციებზე. ახალი შეთავაზება ითვალისწინებს ხვრელების დახურვას და იმის უზრუნველყოფას, რომ უკვე არსებული სანქციებისთვის გვერდის ავლა შეუძლებელი იყოს. სანქციები მუშაობს. რუსეთის ეკონომიკას მძიმე დარტყმა ადგება. რა თქმა უნდა ეს ომს 1 ღამეში ვერ დაასრულებს, მაგრამ ეს დიდ პრობლემებს შეუქმნის რუსეთს",- ამბობს ბორელი.