სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი რუსთავი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
გოგაშვილს დღეს ადვოკატი მოინახულებს. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
"მე მქონდა საუბარი დამიკავშირდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი და ვაპირებთ ბატონ სოსო გოგაშვილთან შესვლას მის წინააღმდეგ განხორციელებულ შესაძლო უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით, კიდევ დამატებით ინფორმაცია შესაძლოა მივაწოდოთ გამოძიებას. რაც შეეხება გადაწყვეტილებას აღკვეთი ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით, ამ თემაზეც რა თქმა უნდა გვექნება ჩვენ საუბარი და დიდი ალბათობით მივიღებთ გადაწყვეტილებას განჩინების გასაჩივრების თაობაზე", - ამბობს ადვოკატი.
სოსო გოგაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ივლისს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს და ე.წ. მოდულის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ბრალი კი ოფიციალურად 17 ივლისს წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ბრალდებულია სსკ-ის სამი მუხლით - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.