ან ვინ წერს, ან რას წერს, ან ვის სწერს? დაცინვით უყურებენ შიგნითაც და გარეთაც- ნიკა გვარამია "ოცნების" წერილებზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო აქტორები არასერიოზულ ადამიანებად აღიქვამენ და მისი თქმით, ამას ადასტურებს ფაქტი, რომ მეოცნებეების "გოიმურ, ეპისტოლარულ წერილებს" არც კი კითხულობენ. 

ნიკა გვარამია გუშინ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენას გამოეხმაურა რა დროსაც, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში ჩავიდა და პრეზიდენტს ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე ესაუბრა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ამ დროს საქართველოს მთავრობის მეთაური ტაჯიკეთში წავიდა და საკუთარი ოლიგარქის ქება-დიდებით იყო დაკავებული. 

"ქართული ოცნება არის გოიმობა და დასაცინი არის საერთაშორისო აქტორების მიერაც. ასეთი არცერთ ხელისუფლებას არ მოსვლია ნამდვილად. საერთაშორისო აქტორები ყოფილან გაბრაზებულები, გაცეცხლებულები შევარდნაძეზეც, სააკაშვილზეც, ყველაზე, მაგრამ დამცინავი თან პირდაპირ, დაუფარავად, საჯაროდ დამცინავი, არასდროს არ ყოფილა. და ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ აქამდე მივიყვანეთ საერთაშორისო აქტორები, რომლებიც ღიად ამბობენ უკვე, რომ თქვენს წერილებსაც კი არ ვკითხულობთ, თქვენს ნათქვამსაც კი არ ვუსმენთ, საერთოდ არ მიგვაჩნიხართ არაფრად. იმიტომ, რომ სამარცხვინოა ის, რასაც აკეთებთ, ეს არ არის პოლიტიკა და ეს ასეა, ნამდვილად. ნამდვილად ასეა. 

აზერბაიჯანში გუშინ იყო ჩამოსული ურსულა ფონ დერ ლაიენი და საუბარი იყო ნავთობითა და გაზით ევროპის მომარაგებაზე. რუსეთის ალტერნატივაზე. საქართველოს პრემიერი, რომლისგანაც 600 კილომეტრში წყდება საკაცობრიო მნიშვნელობის ამბავი, სადაც საქართველო შეიძლება, იყოს უმნიშვნელოვანესი, სადაც საქართველომ შეიძლება, იპოვოს თავისი ისტორიული ფუნქცია 600 კილომეტრის მანძილზე არც კი მიდის. მიდის უზბეკეთში და ურსულა ფონ დერ ლაიენს წერს წერილს, როგორი კარგია ბიძინა ივანიშვილი. ეხლა ამას დასცინებენ, აბა რას იზამენ? დასცინებენ თავისთავად ცხადია. სხვა რა რეაქცია შეიძლება, ჰქონდეს? თან ორჯერ უფრო მეტად დასცინებენ იმიტომ, რომ ამითი ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არ მართავს. ამ დროს უარყოფის პარადოქსია ჩვეულებრივი. უარყოფ იმას, რაც რეალობაშია და ამ უარყოფით უბრალოდ ადასტურებ ამ რეალობას. 

მერე ეს გოიმური ეპისტოლარული ჟანრი. სამარცხვინო, საშინელი შინაარსის წერილები, გინდა სტილისტურად, გინდა შინაარსობრივად, ან ვინ წერს, ან რას წერს, ან ვის სწერს? შეუძლებელია ამას სხვანაირად უყურებდნენ თუ არა დაცინვით და უყურებენ კიდეც შიგნითაც და გარეთაც"- ამბობს ნიკა გვარამია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი