
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ თუ უკრაინა დასავლეთის ქვეყნებიდან მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ იარაღს, მაშინ რუსული ჯარების "სპეცოპერაციის" გეოგრაფიული ამოცანები შეიცვლება.
ლავროვის თქმით, დასავლეთი "უძლური გაბრაზებით ან სიტუაციის რაც შეიძლება გართულების სურვილით" უკრაინას სულ უფრო მეტ შორ დისტანციაზე მოქმედ იარაღს აწვდის, მაგალითად HIMARS-ს.ამ მიზეზით ის ამბობს, რომ "სპეცოპერაციის" გეოგრაფიული ამოცანები ამჟამინდელი ხაზიდან კიდევ უფრო გადაიწევს.
"პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, როგორც თქვენ მას ციტირებთ - დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია იმ გაგებით, რომ არ არსებობდეს საფრთხე ჩვენ უსაფრთხოებაზე, სამხედრო საფრთხე უკრაინის ტერიტორიიდან, ეს ამოცანა რჩება", - თქვა ლავროვმა.
ლავროვმა თქვა, რომ მარტის ბოლოს სტამბოლში მოლაპარაკებების დროს ვითარება განსხვავებული იყო. ის ამბობს, რომ ახლა გეოგრაფია სხვაა - " უკვე აღარ არის მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ასევე არის ხერსონის რეგიონი, ზაპოროჟიეს ოლქი და სხვა ტერიტორიები და ეს პროცესი გრძელდება".